понедельник, 10 февраля 2014 г.

ბრეგვაძე-კახიანი ლალი - Bregvadze-Kakhiani Lali


მშიერი მგლები 

(mshieri mglebi0)

ქუჩის მომღერლები ღია მეტროსადგურის პარალელურ ბაქანთა გამყოფი შავი მარმარილოს კოლონადის ერთ-ერთ წახნაგებიან სვეტთან იდგნენ. გაჭრილი ვაშლივით მსგავსი დედა-შვილი კეთილი მასპინძლებივით გახდომოდნენ სადგურს. ქალი ჩონგურზე უკრავდა, თან მშვიდ მეორე ხმას საფენელივით აშველებდა გოგონას ლამაზ წკრიალს. ჰანგი ტალღასავით ვრცელდებოდა აქეთ-იქით, გადასდიოდა ხალხის მოძრავ ნაკადებს, სხვადასხვა მიმართულებით რომ რიალებდა ორთავე მხრის მატარებლებიდან ქალაქში გასასვლელისკენ და, პირიქით. მისწვდებოდა ლიანდაგთა მიღმა, კვიპაროსთა ჩახავერდებულ სამანებს და ასეთ ფუფუნებად ქცეული, ასეთ ილუზიურ ზეიმად, უადგილოდაც კი ჩანდა მომავალ თუ მიმავალ მატარებელთა რახრახით აკლებულ ამ ჩაჟამულ ალაგას.
მირიანი ქუჩის მუსიკოსთა შორიახლო იდგა, ისე აღიქვამდა მათ, როგორც ნაგავსაყრელზე ამოსულ ყვავილს, უადგილოდ ამომზიანებულს. იდგა შავი მარმარილოს სვეტთა მწკრივღიობში, სადაც ნაკლები იყო მოძრაობა, სადაც ადამიანთა ნაკადებს გამონაპირებული თითო-ოროლა წყალობისგამღები მგზავრი კანტიკუნტად თუ შემოუხვევდა. ესენი, სახეზე აშკარა რიდით, თანალმობააღბეჭდილნი, სიმღერით ნასიამოვნები, ნიშნად მადლიერებისა, ხურდას ყრიდნენ ჟანგისფერი თუნუქის პაწია ყუთში, რომელიც გოგონას გვიანი შემოდგომის სუსხით დაწითლებული ხელებით აეხუტებინა გულზე. 
ჰანგთან ერთად, დედა-შვილი ღიმილსაც არ იშურებდა. ისეთი სიხარული შეჰყროდათ, თითქოს ის მოპოვებული გროშები კი არა, სწორედ სიმღერა იყო პირველადი. არა ფულისთვის, არამედ უფრო ხელოვნების მადლის გასავრცელებლად ირჯებოდნენ, რათა მსმენელთა უჩინარი თაიგულები დაემსახურებინათ.
ანამარია მოაგონა სიმღერამ. ”დედიკოს გაფიცებ, არ გადამეჩვიო”, - წკრიალებდა გოგონას ხმა. სიყვარულს უმღეროდა მთელი გულით. სიყვარულის სახელით ივედრებოდნენ სიტყვები.
ანამარია... ანამარია... ოცნებად ქცეული მისი სუსტი მხრები, აჩქარებული ნაბიჯი და ქუჩა, რომლის მეორე ნაპირიდან ადევნებული მირიანი გულაფანცქალებული აკვირდებოდა ანამარიას სვლას. ჩაუვლიდა იგი მშენებარე ვეება ეკლესიას - იეღოვას მოწმეთა დაუძინებელი მტერი - ურჩი მამა ბასილი თავისი ეპარქიის ცენტრს რომ უწოდებდა, ახლოში - აბოლებული ნაგვის ურნები, ამის შემდეგ ახალნარგავ კვიპაროსთა მოკლე ხეივნის ზოლი, იქვე, გარეუბნის თეატრი და, ბოლოს, კოხტა რესტორან-კულტურული ცენტრის მოპირდაპირედ, გაზეთის ჯიხურის გაყოლებაზე, სამარშრუტო მიკროავტობუსის გაჩერებასთან შემდგარი, რიგს დაიჭერდა. სასწავლებელში მიდიოდა. ერთი ორჯერ გამოელაპარაკა მას, სცადა დაახლოება, მაგრამ გოგომ შორს დაიჭირა. რარიგ სურდა ისეთი ყოფილიყო, ანამარიას მოსწონებოდა, ისე, რომ ნებით მოსურვებოდა მისი ნახვა. მაშინ არც მირიანს დასჭირდებოდა მის კვალზე ფარული დევნა-თვალთვალი.
მაგრამ ახლა ანამარიაზე ფიქრი ვერ ეთავსებოდა მოშიშვლებულ ბაქანს, უადგილოდ ჩანდა და ნისლივით განიბნეოდა. მოლოდინით იყო დამუხტული. მირიანის მთელი არსება ლოდინს მოეცვა. ლეო უნდა მოსულიყო. აქ დაუთქვა შეხვედრა. დიდი ყოყმანის შემდეგ დაითანხმა ლეომ, ხანგრძლივი შეგონება დასჭირდა. კარგი, ჰო, თანახმა ვარო. მაგრამ პასუხს სიმტკიცე აკლდა, იგუმანა ეს ლეომ, იძულებული გახდა, დაემატებინა: 
- სინდისი ბორკილად არ უნდა გექცეს, ჩემო ძმაო. ჩვენში ის გროშადაც არ ფასობს. მე და შენ ეს გროშიც არ გაგვაჩნია. დედა რომ გიკვდებოდა და წამლის ფული არ გქონდა, გიშველა ვინმემ? ჰო, საქმეც ეგაა. ფუჰ, ამათი! ახვრების ხელშია ქვეყანა. გინდ მოკვდი, გინდ დარჩი.
ისე ისმენდა, თითქოს ცხვირ-პირში დაუზოგავად ურტყამდნენ. დედის გახსენებამ სისხლი აუმღვრია. შურისძიებით აივსო. და მაშინ მირიანმაც შეძლო, სინდისისთვის პირველად შეეხედა ალმაცერად.
ლეოს გაწვრთნილ ალღოს არ გამოპარვია, როგორ გატეხა მისი წონასწორობა. საქმეს ბოლომდე მიჰყვა, ამიტომაც გააფრთხილა, არავითარი სენტიმენტალობა, გულჩვილობა და გაჩმახებები. ჩვენ ვართ მშიერი მგლები, უდაბნოში გადაყრილი მშიერი მგლები, და საჭმელი გვინდა. გვაქვს მიზანი. მორჩა და გათავდა. ნურაფრის გეშინია, მარტონი არა ვართ, კიდეც რომ ჩავვარდეთ, დაგვიხსნიან. ვინც გვმფარველობს, იცი რა ტიპია? მინისტრთა კარს ფეხით აღებს. აზრზე ხარ ეს რას ნიშნავს? რას და ყველაფერს. ჩვენ ჯერ დაბლა ვართ, პირამიდის ძირში, მაგრამ ზემოთ ასვლის შანსიც არსებობს. გზადაგზა გაიგებ დანარჩენს. მომენდე, არ შეგეშინდეს-მეთქი. თავიდან მეც გოიმი ვიყავი. ყველა გოიმია თავიდან.

ცოტა ადრე მოუწია მოსვლამ. ვერ მოისვენა შინ. ღამით ხეირიანად არც სძინებია. ლოჯიიდან მოესმოდა მამის ჩაბჟირებული ხველა. ნინი კი, მისი და, ჩვეულებრივ, გვიანობამდე უჯდა ტელევიზორს, ლამის პროგრამის დამთავრებამდე. გარეთ ძაღლები ყეფდნენ. სულ უფრო და უფრო გამრავლებულნი, მომაბეზრებლები ხდებოდნენ. იწვა კი არა, თითქოს კუნძივით იდო ლოგინში, წადებდა თუ არა თვალს, ათასი სისულელე ესიზმრებოდა, ისეთი კოშმარი ეხვია, სულის წრიალი აქამდე ვერ მოიცილა. გულგვამი უფორიაქებდა, საოპერაციოდ გამზადებული ავადმყოფივით.

ქალმა ჩაუარა. მარლაწაფარებული ფუნთუშებით სავსე სინი ძლივს ეჭირა მკლავებით. ახალგამომცხვარი ფუნთუშები მადისაღმძვრელ სურნელს ავრცელებდა. დილიდან ლუკმა არ ჩაედო პირში მირიანს. საღერღელი აუშალა ათასგზის ნაცნობმა სუნმა, შემაწუხებლად მიემატა წუხანდლიდან გამოყოლილ მოუსვენრობას. გაღიზიანდა, ერთი ფუნთუშის ყიდვაც არ შეეძლო. მერე და მერე მიხვდა, რომ შიმშილზე მეტად, ნოსტალგიამ დარია ხელი. დედის მონატრება იყო ეს. საამო სურნელმა დედა გაახსენა, როცა სააღდგომოდ, ვეება გობზე, რძეში მოზელდა ხოლმე მუსკატით, კარდამონითა და მიხაკ-დარიჩინით შეზავებულ ცომს. მთელი ღამე დასტრიალებდა მერე, ათასნაირად ფუთავდა, რომ არ შესცივნოდა, კარგად აფუებულიყო, რათა დილით ნაირ-ნაირი ზომის ფორმებში ჩაედო გამოსაცხობად. მაშინ მირიანი თავით ფეხამდე იმსჭვალებოდა ბედნიერი სიმყუდროვის განცდით, რადგან დედის წინსაფარსაც იმ ცომის სურნელი ასდიოდა, რომელიც ღუმელიდან დაფრქვეული, მთელს სახლს ამოავსებდა უფლის აღდგომის სადიდებლად, სახოტბოდ მისი მადლისა და ძალის, და თაყვანისცემა-ზეიმის იდუმალ ზარებს დააჟღერებდა.
ო, ის წითელი კვერცხებიც, რომელთაც დედა პარასკევ ღამით ღებავდა, კარადაში ინახავდა კვირა დილამდე, როცა უკვე შეიძლებოდა მათი დაჭიდება და წარმოთქმა მაგიური სიტყვებისა: ”ქრისტე აღსდგა”. და პასუხის მოლოდინი: ”ჭეშმარიტად აღსდგა”.
როგორ მოუთმენლად ელოდა კვირადღის გათენებას! აი, მობრძანდებოდა ისიც, ამაღელვებლად ნანატრი, წმინდა დღე. იჯდა და შეექცეოდა კვერცხს, მარილის დაყრაც არ სჭირდებოდა, ისეთი გემრიელი იყო, ფუმფულა პასქას ატანდა თან, უმრავლდებოდა და უმრავლდებოდა სიხარული. დედა წარმოთქვამდა ”გიხაროდენ მიმადლებულო”-ს და ”დიდება”-ს. შვილებს შეახსენებდა, ათი მცნება ხუთი თითივით უნდა იცოდეთ, თუ გინდათ ადამიანად ივარგოთო.
ამ დღისთვის საგანგებოდ შემონახულ ჩურჩხელებსაც დააწყობდა დედა უხვ სუფრაზე, მათი სოფლის თხილისგან აცმულს. მირიანიც ეხმარებოდა ხოლმე დედასა და დაიკოს თხილის დათეთრებაში. დამბალ მარცვლებს მათთან ერთად ფხეკდა მოთმინებით. ოღონდ ეგ იყო, ისე უყვარდა ჩურჩხელა, ღამით ადგებოდა ჩუმად, იცოდა, მურაბიანი ქილებით გამოტენილ განჯინაში, თეთრ ნაჭერშემოხვეულს, ემალირებული დიდი ყვითელი ქვაბით ინახავდა დედა, რათა არ გამომშრალიყო. ქურდულად ამოაძრობდა შეკვრიდან თითო ღერს, ლოგინში შეიტანდა, ისე შეექცეოდა, თითქოს მასზე გემრიელი ქვეყნად არაფერი არსებულიყო. მერე გაუგეს სიწუწკე. აღიარა, თან დედას შეეხვეწა, ისეთ ადგილას დამალე, ვერ მივაგნოო. რამდენი იცინეს მაშინ, დედას სულ კურცხლები სცვიოდა თვალებიდან.

მოგონებამ წამიერად გაიელვა და ისე წავიდა, დაჭერილი თევზი რომ გაგისხლტება ხელიდან, თავის ადგილსამყოფელს დაუბრუნდება და მხოლოდ სინანულს შეგატოვებს. უძლურს არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, წარსული წავიდა. აწმყოში ხარ, სხვა, უარეს დროში. აქ ბაქანია, ღია და მოძრაობით სავსე.
გოგონას სიმღერა შადრევანივით იმსხვრევა ლიანდაგებზე შემოვარდნილი მატარებლის კივილ-რახრახში. მერე ყუჩდება მატარებელი, წუთიერად ასვენებს ყურთასმენას. ისევ ამოიფრქვევა წკრიალა ხმა, გუმბათივით დაადგება იქაურობას, შეარბილებს ქაოსური მოძრაობის დაძაბულ რიტმს, რომელშიც მექანიკურად ჩართულიყო მირიანი, ხელოვნური გულგრილობის კავშირი გაება მასთან, ოღონდ ვერ გაერკვია, რად აძლევდა ყველაფერ ამას ესოდენ მნიშვნელობას. ერთი კი გაიფიქრა, ხომ არ შევცდი, ლეოს რომ დავთანხმდი შეხვედრაზეო. თუმც მყისვე უარყო ეს აზრი, საკუთარ თავთანაც უკვე ძნელად გასამხელი. რახან სიტყვა ჰქონდა მიცემული, მოსახდენი უნდა მომხდარიყო. ამ უცხო ადამიანებსაც ამიერიდან სხვაგვარად უნდა შეხედოს. ლეომ დაარიგა, უნდა აჯობო, ისინი უნდა გააცუროო. თვალებში უცქერ, თან მათ ჯიბეში მუშაობ. საუბარიც შეგიძლია გაუბა, ყურადღება მოუდუნო, ამ დროს კი შენს საქმეს აკეთებ. ეს მთელი ხელოვნებაა, დაუფლება სჭირდება. მოკლედ, თავად მიხვდები, თანდათან მოგეწონება კიდეცო.
თეორიული გაკვეთილი გავლილი ჰქონდა, ახლა მოქმედების სამანთან მდგომი, იმასღა ნატრობდა, ნეტა ლეო მალე მოვიდესო. ლეო გამხდარიყო მისი საყრდენი, მასზე ფიქრი ეხმარებოდა, რომ თავი მარტოდმარტოდ არ ეგრძნო. ირგვლივ მორიალენი, ვინც მისი მზერის არეში ხვდებოდნენ, და ისინიც, ვინც ამის შემდეგ გადაეყრებოდნენ მატარებელთა ვაგონებში, უკლებლივ, მათი მიზნის ობიექტებად უნდა ქცეულიყვნენ, მათი მოხერხების ხაფანგთა მსხვერპლად - ამ წარმოუდგენლად უცხო გზაზე, არცთუ მაინცდამაინც მომხიბლავ პერსპექტივად რომ ეჩვენებოდა. 
ლეო... ლეო... ყველაფრის თავდები. ამხანაგს ისეთი განგაშით უცდიდა, თითქოს მის გარდა, არავინ ებადა ამქვეყნად. ისეთი... ისეთი, რომ მისმა ყურთასმენამ მომღერალი გოგონას წკრიალა ხმაც ვეღარ იგუა , წაიღო ყურებიო, გაიფიქრა.
სადგურის საათის დიდი ისარი ციფრიდან ციფრზე დახტოდა. უცქერდა დაჟინებით, თითქოს ლამობდა აეჩქარებინა დრო, ტკივილმოწყურებულივით ცდილობდა, მალე შეეღწია იმ უცხო სამყაროში, ლეოსთან შეხვედრისთანავე რომ დაიწყებოდა.
ჰოდა, ლეოც მოჰყვა გარეუბნიდან მოგრიხინებულ მატარებელს. მისი წითური თავი ჯერ ისევ მოძრავ ვაგონთა წყების ერთ-ერთ კარში დალანდა. მგელი მოდიოდა, მშიერი მგელი ამხანაგთან შესახვედრად მოეშურებოდა. უხმო ყმუილით მოარღვევდა მათ შორის ჩამდგარ მანძილს. მისი მოახლოება საგანგაშო მზადყოფნას კარნახობდა მირიანს, წინა შეხვედრასთან აბრუნებდა, ანჯღრევდა, ავად ჩასძახოდა: ედარდები ვინმეს? მითხარი, ედარდები?! - მოქნეული მათრახივით უსხაპუნებდა ეს სიტყვები, - მთავრობამ გადაყარა ხალხი, კისერი გიტეხიათო!..
წამოენთო მაშინ ლეო, სისხლი მოაწვა სახეზე, თვალები ფოლაქებივით დაუმრგვალა სიბრაზემ. ვეღარ ჩერდებოდა, სხაპასხუპით აყრიდა: 
- ცხოვრება მათია, გრიალებენ. ჩვენ კი ამოგვხდება შიმშილით სული. ჭიპზე რომ გასკდე, სამსახურს ვერ იშოვნი. ასე არაა? რად გინდოდა სამედიცინო კოლეჯი რომ დაამთავრე, რა უნდა ქნა ახლა! რაც იქ ფული გადაიხადე, როდის დაიბრუნებ? ყველას ხომ არ შეუძლია ჩარჩობა - იყიდე-გაყიდე.
სიმართლეს ლაპარაკობდა. მირიანმაც მშვენივრად იცოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ასე საგანგებოდ თქმული, ასე ხმამაღლა და ემოციურად, ახალ კოშმარად ასკდებოდა სმენას, უიმედობის შეგრძნებას ამძაფრებდა. ყველაზე საშინელი სწორედ უიმედობა იყო, დავიწყებული ხარ, მიტოვებული, არავინ მოვა, არ გეტყვის: ნუ გეშინია, არსებობს საშველი.
ლეო სთავაზობდა გზას. ხოლო ეს გზა რამდენად იყო გამოსავალი, თანაც ერთადერთი, ამაზე მომავალი გასცემდა პასუხს. პასუხისგამცემი მომავალი ახლა იწყებოდა, ამ წუთიდან, როცა ისინი ერთმანეთს შეხვდებოდნენ.

ვაგონიდან გამოსული ლეო ხალხის ტალღას მოჰყავდა, ხან გამოჩნდებოდა მისი წითური თავი, ხან ისევ მიეფარებოდა წინმავლებს. თმა მოკლედ ჰქონდა გაკრეჭილი, ვიწრო მხრები სარებივით ამოჩროდა თხელ ქურთუკში. 
თითქოს კინოკადრს უცქერდა მირიანი, ლამობდა, შორიდან მაცქერლის ცივი გულგრილობით აღჭურვილიყო, მაგრამ რამდენადაც უახლოვდებოდა ამხანაგი, მით მეტად უძლიერდებოდა შეგრძნება, რომ თავადაც ამ კადრის ნაწილად ექციათ, ბუნებრივად ჩაეწერათ მასში, თან მნიშვნელოვანი როლიც ჰქონდა შესასრულებელი.
- ხომ კარგად ხარ, - უთხრა მისალმების ნაცვლად ლეომ.
პასუხის მაგიერ, თვალი გაუყარა თვალში, ტუჩის კუთხეში მიიგროვა ღიმილი თუ რაღაც მისი მსგავსი. ესეც საკმარისი აღმოჩნდა, ერთმანეთისთვის გაეგოთ, რომ ყველაფერი რიგზეა და საქმეს შესდგომოდნენ.
გარეუბნის მიმართულებით მიმავალი მატარებლისკენ გადავიდნენ. ვაგონში ხალვათობა დახვდათ. ნახევრად მთვლემარე მგზავრთა ყურადღებას ხმამაღლა მოსაუბრე ქალი იპყრობდა. იგი ფეხზე იდგა, ცალ ხელში წითელი ვაშლი ეჭირა, მეორეს ჟესტებისთვის იყენებდა. შეწუხებული სახე ჰქონდა და ვერ მიხვდებოდი, საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, თუ სხვათა გასაგონად ჩიოდა: 
- აი, ასეთ დღეში ვარ ოთხმოცდაცხრამეტი წლის შემდეგ (მეოცე საუკუნის დასასრულს გულისხმობდა). მავიწყებენ ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს. მე კი მაინც ვიხსენებ. ბეწვის ხიდზე გავდივარ... ო, რა ძნელია!.. მაგრამ მაინც გავდივარ. ჩამომაგდებენ ძირს, ისევ დამავიწყებენ. ცოდვა არა ვარ? სოფელში წავედი, არც იქ დამაყენეს. ბავშვები ქვებს მესროდნენ. წერილი მინდა მივწერო იქ, ზევით, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია.
აქეთ-იქით ირწეოდა ქალი, მატარებლის მოძრაობისდაკვალად, ბარბაცებდა, მაგრამ არად აგდებდა ამას. სათუთად ეჭირა ვაშლი, რელიკვიასავით. 
ვიდრე ჩაიარეს ვაგონი, ლეოს უკან ადევნებულმა მირიანმა მეტის მოსმენა ვერ მოასწრო. თვალებს აცეცებდა, თითქოს პირველად მგზავრობდა მეტროთი. ამდენი დაღვრემილი, ფიქრში ჩაბრუნებული ამდენი სახეც თითქოს ამის მეტად არასდროს ენახა. უმრავლესობას თალხი სამოსი ეცვა. ჭილყვავებს ჩამოჰგავან, ნაგვით სავსე ურნებზე წამოცუცქულ ჭილყვავებსო. თავისთვის აღმოაჩინა, რომ მათ მიმართ ანტიპათიის გამოწვევას ხელოვნურად ცდილობდა. ასე უფრო გაამართლებდა ახალი საქმიანობის დაწყებას, მეტ თავდაჯერებას შეიძენდა.
პატარა ბიჭი აებლანდა ფეხებში. გამომწვევი იყო, ჯიქურ მოძრავი, საკუთარ სამყაროში გრძნობდა თავს, დაურიდებლად ხმაურობდა: 
- დუბაის პარკები, დუბაის გამძლე პარკები! სამი ცალი ოც თეთრად! - გაჰყვიროდა ახალშებოხებული ხმით. საქმე გამოეჩინა და ძალისხმევას არ იშურებდა.
ჯიბის ქურდებისთვის აქ მართლა არ იყო ხელსაყრელი პირობები. მგზავრები თავ-თავიანთ ადგილას ისხდნენ, ერთმანეთს შესცქეროდნენ თვალგაშტერებით, უაზროდ, თითქოს ერთმანეთის ფიქრებში ცდილობდნენ შეღწევას. პანაშვიდზე მისულებივით ჩამოსტირით თავ-პირიო, გაიფიქრა მირიანმა. გაღიზიანებას იწვევდა უსიცოცხლო, არაფრისმთქმელი სახეები - მანეკენთა გამომეტყველებით - როცა უკვე სულ ერთია ყველაფერი, როცა ყოფნა-არყოფნას შორის მანძილი აღარც იგრძნობა.
არსად შეჩერებულან, ისე გაიარეს ვაგონი. მირიანს მოეჩვენა, რომ მისი განვლილი ცხოვრების მთელი მონაკვეთი ამ მოკლე მანძილს საბედისწეროდ დაკავშირებოდა, აგრეთვე მისთვის არასდროს მომხდარა რამ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე იყო ეს რამდენიმე წუთი, მკაცრ მბრძანებელს რომ ჰგავს, რომელსაც უნდა დაემორჩილოს, უარი უნდა თქვას იმ ჩვეულ წესსა და რიგზე, რითიც აქამდე მოვიდა. შეგრძნებებმა ელვის სისწრაფით მოიცვა.
მერე კართან იდგნენ. მირიანს ლეოს ხელი უდიერად უჩეჩავდა თმას კეფაზე, სწორედ ისე, ბავშვს წასახალისებლად, ოდნავი ირონიით რომ უყვავებენ უფროსები. კისერზეც ჩამოეყრდნო ის ხელი. მატარებელმა სადგურს მიაკივლა.
ერთი სული ჰქონდა, როდის გაიღებოდა კარი, როდის გავიდოდა ვაგონიდან, რომ იმ ცივი, გაოფლილი ხელის უსიამო შეხება მოეშორებინა.
გავიდნენ თუ არა, იქვე, მომდევნო ვაგონის კარში შემსვლელთა პატარა რიგს მიჰყვნენ. როგორც მაწანწალა მათხოვრები აკეთებენ ხოლმე - ვაგონიდან ვაგონში, ყოველ გაჩერებაზე, აჩქარებით, საქმიანად. ლეოს თითქოს უხილავი თოკი ეჭირა და მირიანიც იმ თოკის ბოლოზე გამოება.

აქაც მგზავრთა სიხალვათე იყო. ერთ სკამთან, რომლის თავზეც ათასგვარი სარეკლამო ფურცლებით გადაეჭრელებინათ კედელი, ცნობისმოყვარენი მიგროვილიყვნენ. უსმენდნენ იმერულ კილოზე მოლაპარაკე კაცს, ხელებს თავ-პირში რომ იცემდა და მოთქმით ამბობდა: ეს რა დამემართა! რა სირცხვილი დამემართა! რაღა პასუხი გავცე იმ ჩემს მეზობელს! ციხეში, პატიმარ შვილთან გამატანა ფული. ვიღაცა ნამუსგარეცხილმა კი მომპარა! 
პიჯაკის შიდა ჯიბეში წამდაუწუმ იყოფდა ხელს. აი, აქ მედო, - გაოცებას ვერ იოკებდა, - რანაირად, აქედან რანაირად ამომაცალა! ნეტა საჭმელი მაინც გამოეტანებინა, ყველი, ჭადი, ცოტა ხორცი, ჯონჯოლის მწნილი, მოკლედ, რასაც შეჭამდა ის საწყალი. ფული, აჰა, წაიღო ეშმაკმა და კუდიანმა. გაგიგიათ, ხალხო! ასეთი რამ გაგიგიათ?! - ამაოდ ღაღადებდა. ლაფს ასხამდა მთელი ქვეყნის უსინდისობას, მთელი სამყაროს ბოროტებას ამუნათებდა, იხრჩობოდა კაცი სინანულში, რა პირით დავბრუნდე სოფელში, რა ვთქვაო.
- გავიდეთ, - წაიჩურჩულა ლეომ, - აქ ვიღაცამ უკვე ჩაატარა წმენდა.
ბაქანზე გასულებს შემდეგ ვაგონში აღარ გადაუნაცვლებიათ, რადგან ლეომ მტრული მზერა ესროლა მატარებელს და ჩაიბუზღუნა, გავუშვათ, ამისი პატრონის დედაც, თარსია. შევიცადოთ ცოტა, სადაცაა პიკის საათი დაიწყებაო. პიკის საათი ყველაზე ხელსაყრელი დრო იყო - ხალხი დაღლილი, ყურადღებამოდუნებული.
ბაქანს ბოშები შემოესივნენ, ზინტლიანი გოგო-ბიჭები, ჭიჭყინით აიკლეს იქაურობა. ხელგაწვდილი თხოულობდნენ ფულს, ჯიქურ, ჯიუტად. თმაგაპარსული გოგონა გადაეკიდა მირიანს, ცდილობდა, მისი შარვლის ჯიბეში ჩაეცურებინა პატარა, ჭუჭყისგან დაგონჯებული ხელი, მაგრამ წინააღმდეგობას წააწყდა, ვერ შეძლო. უკმაყოფილო მზერა აღმართა, უმწეო პროტესტი ამოაყოლა თან. პასუხად კი ნიაღვარივით წამოსული ხარხარი დაატყდა. მაშინვე მიბრუნდა განაწყენებული. ჩხირებივით ფეხებზე რამდენიმე ნომრით დიდი ფეხსაცმელი ეცვა, ფლატუნით გარბოდა.
მირიანის ხარხარს ლეოც აჰყვა. ორი მშიერი მგელი გულამოსკვნამდე იფხრიწებოდა პატარა მტაცებლის ქცევით გამხიარულებული.
ვერ დაელოდნენ პიკის საათს. ორიოდ მატარებელი გაუშვეს, მაგრამ ასე დგომაც არ ივარგებდა, დროს კარგავდნენ, ამიტომ ისევ შერგეს თავი ვაგონში, სადაც საკმარისად იყო ხალხი. წვრილმანებით მოვაჭრე ქალი ხმაურობდა. უცნაურ სართულებად ახორხლილი მოძრავი დახლი კისერზე დაეკიდა. სათითაოდ ასახელებდა გასაყიდ საქონელს, მოუთოკავი აზარტით, ყურთასმენა მიჰქონდა. მიიწევდა მჭიდროდ ჩამდგარ სხეულებ შორის და სივიწროვის ბუნებრივ პირობას ქმნიდა. სწორედ მას აეკიდა ლეო. მისგან შექმნილი უხერხული ბარიერებისა და მონოტონურ რატრატზე მგზავრთა გადატანილი ყურადღების სათავისოდ გამოსაყენებლად. მირიანს თვალები გაუფართოვდა, გულიც შეუქანდა, როცა დაინახა, რომ ლეომ ჭაღარა კაცს შარვლის ჯიბეში ჩაუყო ხელი და ფული ამოაცალა. ყველაფერი სწრაფად მოხდა, ანუ, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
გამოლენჩებულია ხალხიო, ზიზღნარევი თანაგრძნობა გაუჩნდა ჭაღარა კაცისადმი. ამასობაში კი ლეომ წინ გაუსწრო მეწვრილმანე დახლ-ქალს. ”არავინ არაფერს ყიდულობს, ეს კი დადის და ყბედობს, ვინ იცის, რამდენ სიტყვას წარმოთქვამს დღეში, ალბათ, ათასობით. სახლში კი მის მოტანილ ფულს ელოდებიან”.
- ყურადღებით! ყურადღებით! - ლეო შიგ ყურში უბერავს ჩურჩულით ამოთქმულ ერთადერთ მკაცრ სიტყვას.
მირიანს კი შეგრძნება აქვს ისეთი, ამხანაგი ადუღებულ კუპრში გადასახტომად ეპატიჟება.
ვიღაც სამხედროფორმიანი დგას მათ წინ, ივედრება ჩახლეჩილი ხმით: 
- დამეხმარეთ ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერს! ღვთის გულისათვის... ყველაფერი გავყიდე, აღარაფერი მაბადია... გთხოვთ...
ლეო მუშაობს, მოხერხებულად, ხელის სიმარჯვის მთელი კასკადის ჩატარება შეუძლია. 
”ოხ, შენი! ნამდვილი ვირტუოზია!” ისე მძაფრია შთაბეჭდილება, ყური კარგად რომ მიუგდონ მის ფიქრს, გაიგონებენ, დაღლილნი, ინერტულნი, მინდობილნი მატარებლის ქროლვა-რიხინს.
მისდევდა მირიანი ამხანაგს, რომელიც ხელში ჩრიდა ნაქურდალს. მას კი მეტი არა დარჩენოდა, ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩაეყარა. აზარტულ თამაშს დაემსგავსა ყველაფერი. გაქცეული კადრებივით გადარბოდნენ უცნობი, არაფრისმთქმელი სახეები, ვაგონის ფანჯრებში გვირაბის ყრუ კედლებიდან შემოჭიატებული ნათურათა იალ-კიალი, გაურკვეველი, მანამდე არგანცდილი შეგრძნებები. გაციებულ, ყინულივით ხელისგულს ისვამდა დაცვარულ შუბლზე, ჰაერი არ ჰყოფნიდა. უსაშველოდ გრძელი ეჩვენა ვაგონი, მანძილი ახალ სადგურამდე - დაუსრულებელი. არ თავდებოდა გზა - უჟანგბადო, გულის წასვლამდე მხუთავი სივრცით ამოვსებული.
ბოლოს თვალი შერჩა ერთმანეთში მოსაუბრე ორ მუნჯს - ქალსა და კაცს, თავიანთი პირობითი ენით რომ არკვევდნენ რაღაცას. იშველიებდნენ ხელებს, თვალებს, მანჭავდნენ ცხვირ-პირს. მათი ყოველი ჟესტი ხაზს უსვამდა, რომ ფეხებზე ეკიდათ ეს უჰაერობა, მათკენ მიმართული მზერა, და რომ ამ საზიზღარ რეალობაში თავიანთი საკუთარი ადგილი ჰქონდათ. ეს იყო შთაბეჭდილებათა ჯაჭვის დამასრულებელი. მირიანი აღარ მოძრაობდა, ერთ ადგილზე იდგა კარსმიღწეული, მატარებლის გაჩერების მოლოდინში, ანუ სამშვიდობოს ზღურბლზე. მურდალ გუნებაზე დამდგარს, ერწმუნა უკვე, თითქოს სატანასთვის კი არ მიეყიდა სული, არამედ ფეშქაშად მიერთმია. ამაში დიდი განსხვავება როდი იყო, მაგრამ სერიოზულად ჩაფიქრების საბაბი ეძლეოდა. ეცადა, სატანას კერძად ქცევის მიზეზად სასტიკი, ულმობელი დროით დაღდასმული ადამიანური უმწეობა ჩაეთვალა, ესე იგი, ის ნულოვანი წერტილი, საიდანაც ყოველთვის შეიძლებოდა კვლავ და კვლავ, დაუსრულებლად დაიწყოს ახალი ათვლა ახალი გზის, ახალი იმედის, რათა ყველაფერს მოეძებნოს გამართლება.
- ცუდად ხომ არ ხარ? - ჰკითხა ლეომ, როცა მატარებელმა ზურგსუკან ჩაუქროლათ და ცარიელ ბაქანს შერჩნენ, - მოდი, ჩამოჯექი, - მარმარილოს კედლისკენ, დასასვენებელ სკამზე უთითებდა, - ფერი არ გადევს.
უსიტყვოდ დაჰყვა, ჩამოჯდა, გრილ კედელს მიაბჯინა თავი, თვალები დახუჭა და ღრმად სუნთქვა დაიწყო. თან საკუთარ გულისცემას უსმენდა, ყურებშიც მსუბუქი ბიძგებით უბაგუნებდა სისხლი. გაუკვირდა, რა მემართებაო. სხეული აჯანყებოდა, სხეული თუ სული. ამდენს ვეღარ არკვევდა.
- წამო, ჰაერზე ავიდეთ, - უთხრა ლეომ.
თვალი გაახილა. პირველი, რაც დაინახა, იყო გორგოლაჭებიან ფიცარზე მჯდარი, მენჯის სახსრებში გადაჭრილი კაცი. ორთავ ხელით გულამოღებულ ხის მართკუთხა საბჯენებს ჩაჭიდებოდა, რომელთაც მარჯვედ უსვამდა ძირს მთელი ძალით და გორგოლაჭებს ჟღრიალით მიაქანებდა.
ბაქანზე ხალხი გროვდებოდა. ყველა გზას უთმობდა საშიშად მოძრავ გორგოლაჭის ფეხებიანს, რომ ვინმეს არ შესკდომოდა. იგი სხვა დროსაც ენახა მირიანს, მეტროში მათხოვრობდა. ახლაც მიიჩქაროდა საშოვარზე, წინ ვერავინ დაუდგებოდა.
- ავიდეთ, ავიდეთ, - დაყაბულდა ლეოს.
აჩქარდნენ. მატარებელი მოდიოდა. სურდათ გაესწროთ მგზავრთა ნაკადისთვის, ესკალატორზე თავისუფლად დგომა რომ შეძლებოდათ. ქალაქის ცენტრში იყვნენ, პრესტიჟულ რაიონში, სადაც მეტროს შესასვლელთან არ იყო მიხორხლილი კერძო სავაჭრო ჯიხურები, არც ქუჩის სახელდახელო დახლები და ანტისანიტარია, მოჩვენებითი, მაგრამ მაინც წესრიგი სუფევდა. აქ, ქალაქში ჩამავალი მდინარის მონაკვეთის გასწვრივ, გარეუბნების მსგავსად, არაა ნაგავსაყრელები, ცეცხლწაკიდებული, დღეღამ რომ ბოლავს და წამლავს მოსახლეობას - ხმას მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. აქაა ოაზისი ნეტარებისა, გაპრიალებული სუპერმარკეტებით, რესტორნებითა და კაზინოებით. საკონდიტრო მაღაზიათა მაცივარ-ვიტრინებში ზღაპრული ფორმის ტორტები კოპწიაობენ - მორთულნი ბეზეს სოკოებითა და შოკოლადის ათასნაირი ყვავილებით - კულინარული ხელოვნების პატარ-პატარა შედევრები. ქუჩებში კი უცხოური მარკების ძვირფასი მანქანებით ახალი ქართველები დაჰქრიან. მაგრამ არც საპროტესტო მიტინგები აკლია აქაურობას. და ყოველ ცისმარე შეხვდებით კაცს, ჯოხით ხელში, არაქათგაცლილს, ნელა მომავალს, ძვალტყავა, ჩავარდნილ მკერდზე პატარა დაფა ჰკიდია წარწერით: ”დამიბრუნეთ ჩემი ორმოცი წლის ნაშრომი ფული, რომელიც წამართვით!” პატრულებივით დგანან ბუმბერაზი, თავაღერილი ჭადრები, ყველა მხრიდან გასცქერიან წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, რომელსაც აქამდე ატყვია ძმათამკვლელი ომის ნატყვიარები.
მეტროსადგურის წინამდებარე მოედნის ცენტრში, ნელა მბრუნავი სარეკლამო ბილბორდიდან, კომუფლაჟიანი კაცი ავტომატს უმიზნებს პროსპექტისკენ მიმავალთ. მიდიხარ და ავტომატის ლულაც მოგდევს, ნიშანში ხარ ამოღებული.
- ვინ თესლმა დადგა ეს! - ბოღმით გააფურთხა მირიანმა ორგშუშის ჯავშანში ჩასმული, ცინიზმის მფრქვეველი ბილბორდისკენ, რომელიც ხალხის ნერვებზე თამაშს ჰგავდა.
მერე მირიანმა ქურთუკის შიდა გულის ჯიბისკენ წაიღო ხელი. მაშინვე შეაჩერა ლეომ, აქ არ გინდა, ნუ ჩქარობ, სადმე დავსხდეთ მოხერხებულადო. 
მას კი უნდოდა მოეშორებინა ეს ფული, სრულებით რომ არ ანიჭებდა სიხარულს და აქვე დასცილებოდა ლეოს. ლეომ კი დაუზუსტა, კლასიკური გიმნაზიის წინ რომ პარკია, იქ მივიდეთო. რაღა დარჩა, მივა იქამდეც.
გზადაგზა ხვდებოდათ ასფალტზე წარწერები: კმარა! ამავე სახელწოდების ახალი პოლიტიკური მოძრაობის ნახელავი, რომელიც ხელისუფლებას ხალხზე ფიქრისკენ მოუწოდებდა. ისეთი საღებავით წერდნენ, წაშლა-გადარეცხვა ძნელად ხერხდებოდა. ეს ერთი სიტყვა აცოფებდა ხელისუფალთ, წონასწორობას აკარგვინებდა, რადგან მასში იგულისხმებოდა: შეწყდეს კორუფცია! იზრუნეთ ხალხზე! არ შეიძლება ადამიანი, რომელმაც მთელი სიცოცხლე იშრომა, სიბერეში თოთხმეტი ლარის, ანუ საერთაშორისო სტანდარტებზე გადაყვანით, ექვს-ნახევარი აშშ დოლარის ეკვივალენტის პენსიის ამარა დატოვო და შიმშილით სიკვდილისთვის გაწიროო. და კიდევ სხვა მსგავს პრობლემებს... თუმც წარწერები წარწერებად რჩებოდა, ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა და მეტი არაფერი.
პარლამენტის შენობასთან ქალს გადაეყარნენ. იგი 9 აპრილს რუსი ჯარისკაცების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მომიტინგეების მემორიალის ასაგებ ალაგას, სანთლის ნაღვენთებით გამურულ წარწერიან ქვასთან იდგა. აღელვებული იშვერდა ხელს ქუჩის გადაღმა მხარეს და გამვლელთა საყურადღებოდ ჩიოდა ხმამაღლა: 
- მაშინ მტერმა დაგვხოცა, კი, ბატონო, ახლა ეს რაღას ნიშნავს? არ არის ეს ტერორი? აჰა, პირდაპირ მემორიალი აქვს ამოღებული ნიშანში! შეხედეთ, შეხედეთ, იქნებ ვტყუი?
ქუჩის გადაღმა ზუსტად ისეთივე ბილბორდი იდგა, როგორიც მეტროსადგურის წინ, იგივე ავტომატშემართული კომუფლაჟიანი კაცი. ქალს ნერვები დაგლეჯაზე ჰქონდა. შეგროვილ ხალხს უხსნიდა, 9 აპრილს მეც აქ ვიდექი, როცა ”სიესით” მოგვწამლესო. მას შემდეგ ჯანმრთელობა ვეღარ აღვიდგინე, ფაქტიურად, დაინვალიდებული ვარ. ამისთვის ვიბრძოდით, რომ ახლა ქუჩებში ჩვენიანი გვიღერებდეს ავტომატს, სხვა ათასი უბედურება არ გვეყოფა, ესაა ჩვენი თავისუფლებაო? იგი ყველას სახელით ლაპარაკობდა, ეტყობოდა, ირგვლივ შეკრებილთა ურეაქციო გამომეტყველება ცეცხლზე ნავთს უსხამდა.
მირიანს ცოტაღა ჰყოფნიდა უკვე. მისხალ-მისხალ ნაგროვებ მის შინაგან უწონასწორობას ამ უცნობი ქალის განწირულმა ღაღადმა ახალი სუნთქვა ჩაუდგა. ხმამაღლა შეიგინა ბილბორდის დამდგმელის მისამართით, ამოყარა ბოღმა-ბალღამი.

კლასიკური გიმნაზიის წინ, ცარიელ პარკში, სკამზე დასხდნენ. ჩუმად იყვნენ ერთხანს, თითქოს ერთმანეთს ელოდებოდნენ, ვინ დაიწყებდა პირველი. ტროტუარიდან ვიღაცამ ბურთი ამოაგდო. უცქერდნენ, როგორ მოგორავდა. მალე პატრონიც გაუჩნდა და წაიღო. მირიანმა ქურთუკის ჯიბიდან ფული ამოიღო, ლეოს კალთაზე დაუყარა, მერე ქურთუკი შეიხსნა და ჯიბე ამოიტრიალა იმის ნიშნად, კაპიკ-კაპიკ ჩაგაბარეო. ირგვლივ მიმოიხედა ლეომ. პარკში არავინ იყო. ხეთა წაგრძელებული ჩრდილები ეყარა ძირს და ცივი სიმშვიდე იდგა. ქუჩის გადაღმა, პროსპექტის შიშინითა და ზუზუნით მქროლავი სამანქანო ნაწილის იქით, თეთრ ეკლესიას ოქროსფერი ჯვარი ედგა გუმბათზე. უფლის სახლის კართან მათხოვრები მოგროვილიყვნენ, მოწყალებას სთხოვდნენ შემსვლელ-გამომსვლელს.
მნიშვნელოვანი წუთის წინაშე იდგა მირიანი, ახლა გადაწყდებოდა მთავარი. ვაგონ-ვაგონ სიარული მხოლოდ თამაშად, ნახევარბოროტებად თუ ჩაითვლებოდა იმასთან შედარებით, როცა ის გაყოფილ თანხას მიიღებდა. ჯერ კიდევ ჰქონდა არჩევანის შანსი. იგი “ჰო”-სა და “არა”-ს შორის გახიდულიყო მაცდუნებლად. პირველი ვაის ნიშნავდა, მეორე - უის. დროულად უნდა გაერკვია, რომელს მისცემდა უპირატესობას, უნდა დაესწრო, გადაერჩინა, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა, თორემ დაკანონებულის შეცვლა გვიანი იქნებოდა. უნდა ეჩქარა, რადგან არჩევანის უფლებაც არ წართმეოდა. მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება.
- წავედი, მე წავედი! - მტკიცედ, დაჯერებით თქვა.
წამოსადგომად მომზადებულს, ლეოს ხელი წაეტანა მკლავში, ღონივრად ჩაეჭიდა.
- სად წახვედი, ხუმრობ?
არ ვხუმრობო, უპასუხა. მაგრამ ლეო არ უშვებდა, რადგან აღარც ის ხუმრობდა. ტყუილად უმტკიცებდა მირიანი, მივხვდი, ეს ჩემი საქმე არაა, ვწუხვარ, მაგრამ სხვა პარტნიორის მოძებნა მოგიწევსო. ლეო ურჩევდა, დაფიქრდი, განა გაქვს სხვა გზა, ნუ მეპრანჭები, შენი წილი აიღე, ჭკუას მოუხმე. თუმც ისიც შეგიძლია, იმათ შეუერთდეო. ეკლესიის კართან ატუზულ მათხოვრებზე ანიშნა დამცინავად, ფონსგასული კაცის ტონით.
ამან მირიანს საბოლოოდ აჰყარა ღირსება. აქამდე კიდევ რაღაცას ეჭიდებოდა ხავსივით. გონება აემღვრა. სასტიკი იყო რეალობა. გული გაუსენა შეგრძნებამ, რომ დიდად არ განსხვავდებოდა იმ უპოვართაგან. ლეო კი საბოლოო პასუხს ითხოვდა. მიუხედავად ყველაფრისა, პასუხი იყო - არა. მოძებნა იგი, ერთადერთი, როგორც დიდი წერტილი, თავის ადგილას რომ დაესვა.
- ისინიც ადამიანები არიან, - მშვიდად ეცადა, თუმც ოდნავი ხმააწევით გამოუვიდა. არანაირი პოზა, გულწრფელი იყო.
- მოკლედ, გინდა მითხრა, რომ ჩემზე კარგი ბიჭი ხარ? ეს გინდა, ხომ?
სასტიკდებოდა ლეო, ავი ბრაზი უდგებოდა თვალებში, პატივმოყვარეობის ალმური მოედო. მოძალადურად ცდილობდა თავისი უპირატესობის დამტკიცებას. ნუ დაივიწყებ, პირველი ნათლობა უკვე მიიღე, მშვენივრად იცი, უარს ვეღარ იტყვი, მაგრამ შიში გაგიჟებსო. მოეშვი დედლობას, არ გინდა ფოკუსები!

ეს რა ტრიალებდა მის თავს! მარტო ლეო კი არა, საკუთარი ცხოვრებაც უმხედრდებოდა. და მასაც, მშიშარად და დედლად მონათლულს, პროტესტის ჟინი შეუჯდა. გიჟივით წამოვარდა, ქუჩისკენ გაქანდა. ლეოც გამოუდგა, გაედევნა ფეხდაფეხ. ”ბაბოჩკა” დანა დააძრო, ცალი ხელით გახსნა, ბოლომდე გაჭიმა მკლავი და კიდეც დაეწია ტროტუარის ბორდიურთან.
მარცხენა ფერდში ჩხვლეტა იგრძნო მირიანმა. არ შეჩერებულა, მანქანების სავალზე შევარდა ინერციით. ზედ შუაგზაზე აპირებდა დაწოლას იმის დასტურად, რომ არ იყო მშიშარა. მაგრამ ვერ მიაღწია მიზნამდე, მანამ აქანავდა ყველაფერი - ქუჩაც, ეკლესიაც, ამოტრიალდა გზისგაღმა ჭადრები და ადამიანები. დაეცა პირქვე. მუხრუჭთა ღრჭიალმა, ავტომობილთა მსხვრევა-ჯახუნის სმენისწამღებმა ხმებმა გადაუარა თავზე. მყისიერად მოხდა ეს, და ქაოსიც მაშინვე დალაგდა, ერთ წერტილში მოიყარა თავი, ერთ მშვიდ მდგრადობაში. ცნობიერებამ უკანასკნელ ხილვად დედის სახე აჩუქა. იგი, ამავე დროს, ანამარიას სახეც იყო - შორეული, მიუწვდომელი.

2003 წ.

თბილისი




ინფორმაციის წყარო
http://literatura.mcvane.ge/main/literatura/proza/3953-bbbbbbbb-bbbbbbb-bbbb-bregvadze-kakhiani-lali.html

Комментариев нет:

Отправить комментарий