ლეონარდო და-ვინჩი
ლეონარდო და-ვინჩი, რომლის დაბადებიდან ხუთასი წლის შესრულებას მთელი კულტურული კაცობრიობა დღესასწაულობს, რენესანსის ეპოქის უდიდესი მესიტყვეა. იგი უნივერსალურად განსწავლული ადამიანი იყო, უბრწყინვალესი ოსტატი ფერწერისა, ასეთივე ხუროთმოძღვარი, ინჟინერი და გონებამახვილი მწერალი.
ცნობილია: ვინც თავის ეპოქას დიდ სამსახურს გაუწევს, მისი გენიის შორეული გამოსხივება სხვა ეპოქებსაც გადასწვდება უთუოდ.
ლეონარდო ცაცია იყო, მარჯვნიდან მარცხნისაკენ წერდა, მიუხედავად ამისა, მას თანაბარის ოსტატობით ჰქონდა მომარჯვებული. როგორც მწერლის კალამი, ისე მხატვრის ფუნჯი, მოქანდაკის საჭრეთელი, ინჟინრისა და ხუროთმოძღვრის გონიო, სახაზავი და ფარგალი.
რენესანსის ეპოქის ერთერთ მოღვაწეს მიაწერენ ასეთ გახუმრებას: იეჰოვას მხოლოდ გენიოსი შეუქმნიაო მსგავსად თავისი სახისა. სწორედ ასეთ ადამიანებს აჯილდოებს ბუნება პროჟექტორისებრ სხივმოსილებით. ამიტომაც თავიანთი ეპოქის ელიპსის გადაღმაც გზას უნათებენ ისინი ყოველი დროის ადამიანებს.
ფრიდრიხ ენგელსი ლეონარდოს გულისხმობდა, ალბათ, როცა რენესანსის ტიტანებს ახსენებდა:
"ეს იყო უდიდესი პროგრესული გადატრიალება, რომელიც განიცადა კაცობრიობამ, ეპოქა, რომელსაც ტიტანები ესაჭიროებოდა, ეპოქა, რომელმაც შეჰქმნა აზრის, ვნებიანობის, ხასიათის მრავალმხრიობის და განსწავლულობის ტიტანები".
ლეონარდოს ტალანტის ტიტანიურობის გამო ნათქვამია: მან არ იცოდაო თუ რა არის დაღლა. არც გოეტეს და არც ბალზაკს, არც ლევ ტოლსტოისა და არც ილია ჭავჭავაძეს სცოდნიათ, თუ რას ნიშნავს მოქანცულობა, უგუნებობა და სიბერე.
გვერდი 173
------------------------------------------------------------------------------------------------------------
რენესანსის ეპოქის ადამიანი იყო ლეონარდო არა მარტო თავისი პირადი ცხოვრებით, არამედ იშვიათი სილამაზის, ფიზიკური ძალის პატრონი. კაცი, რომელიც თანაბარის ოსტატობით უკრავდა ლირას, თხზავდა ლექსებს, თანაბარის ძალით ეწეოდა ფერწერას, სკულპტურას, ხუროთმოძღვრებას, მათემატიკურ ფორმულებს წერდა, ფერისა და პერსპექტივის კანონებს ეძიებდა, სივრცეების დასაძლევ ტექნიკის პრობლემებს აყენებდა, იგავებს წერდა და ეს ყოველივე ხელს არ უშლიდა თავისი დროის უდიდესი მხატვარიც ყოფილიყო.
თუ შუა საუკუნეთა სქოლასტიკამ, კათოლიკურმა ბნელმეტყველებამ მწერლობა და მხატვრობა მიიყვანა ვნებაგამომშრალ ადამიანების ჩვენებამდის, ისე როგორც პოეზიაში დანტემ, ფერწერაში ლეონარდომ წამოაყენა წინ დიდი პრინციპები ადამიანობისა, ჰუმანიზმისა.
ეკლესიის მიერ დათრგუნვილი ვნება ადამიანისა ღვთიურ ვნებას წინ დაუყენა მიქელანჯელომ. რაფაელი და ლეონარდო თითქმის იმავე ბიბლიურ თემებს შეეხნენ, იეჰოვას, ანგელოზებს, წმინდანებს და მადონებს ხატავდნენ ესენიც, ისევე როგორც რომაელი და ბიზანტიელი მხატვრები და ფერწერის ოსტატები, და ამ უკანასკნელთა ხელიდან გამოსულ ხორცდაშრეტილ, უვნებო ანგელოზების, სკელეტად ქცეულ სხეულების ნაცვლად, რენესანსის ოსტატებმა ხელოვნებაში გამოაჩინეს ნამდვილი ხორციელი ადამიანები, რომელთაც მხოლოდ სახელები შერჩენოდათ ძველი.
გვერდი 188
ციტირებულია წიგნიდან:
კონსტანტინე გამსახურდია
ტომი VI
რჩეული
თხზულებანი
რვატომეული
სახელმწიფო გამომცემლობა
<<საბჭოთა საქართველო>>
თბილისი
1963
ნოველები
Комментариев нет:
Отправить комментарий