ისრაელთა სამეფოში მცხოვრები
წინასწარმეტყველნი: ელია, ელისე, იონა
(3 მეფ. 16, 28-34; 17, 1-22; 18, 1-45; 19, 1-21; 4 მეფ. 2, 1-15;4,
1-37; 6, 24-35; 7, 1-30; 4 მეფ. 5, 1-27; 13, 20-21; იონას წიგნი)
წინასწარმეტყველი ელია. ელია წინასწარმეტყველი ცხოვრობდა ისრაელთა სამეფოში უღმრთო აქაბ მეფის დროს. აქაბი თაყვანს სცემდა ბაალის და ასტაროთის** კერპებს. ელია აქაბს და ისრაელებს სასტიკად კიცხავდა კერპთაყვანისცემისათვის. მან იწინასწარმეტყველა, რომ ღმერთი დასჯიდა მათ უწვიმრობითა და შიმშილით.
ელიას წინასწარმეტყველება აღსრულდა: სამწელიწადნახევარს არ მოსულა არც წვიმა, არც ცვარი და დაიწყო შიმშილობა. ამ დროს ელია ცხოვრობდა უდაბნოში, ერთი წყაროს პირას, სადაც ყორანი უზიდავდა საჭმელს. ხოლო როცა წყარო დაშრა, წავიდა სარეფთაში და იქ ერთ ღარიბ ქვრივ დედაკაცთან დასახლდა. ქვრივს ერთი მუჭა ფქვილი და ცოტა ზეთის მეტი არა ებადა რა, მაგრამ ელიას სიტყვის ძალით არც ზეთსა და არც ფქვილს არ აკლდებოდა, სანამ შიმშილობა იყო. ამ ქვრივი დედაკაცის შვილი ავად გახდა და მოკვდა, მაგრამ ელიას ლოცვით გაცოცხლდა.
ამასობაში გავიდა სამწელიწადნახევარი, ელია კვლავ მივიდა აქაბთან და უთხრა, რომ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა შეიძლება. ხოლო რომ გავიგოთ, რომელია ჭეშმარიტი ღმერთი, მსხვერპლი შევწიროთ: თქვენ - თქვენს ღმერთს და
მე - ჩემსას, მაგრამ ცეცხლს ნუ შევუკეთებთ სამსხვერპლოს და ვინც გამოგვიგზავნის ზეციდან ცეცხლს, ის იქნება ჭეშმარიტი ღმერთიო.
ყველანი დათანხმდნენ, მაგრამ ბაალმა ვერ გამოუგზავნა ცეცხლი ქურუმებს, რომლებიც საღამომდე ყვიროდნენ: "ბაალ, ბაალ: ისმინე ჩვენი, გამოგვიგზავნე ჩვენ ზეციდან ცეცხლი". შემდეგ ელიამ მოამზადა თავისი მსხვერპლი და ილოცა: "უფალო ღმერთო! შეისმინე ჩემი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ხარ უფალი ღმერთი!" უეცრად ზეციდან ჩამოვარდა ცეცხლი, დაეცა მსხვერპლს და დაწვა იგი. მთელი ხალხი მიწაზე დაეცა და ხმამაღლა დაიყვირა: "იეღოვა არს ღმერთი!" შემდეგ ელია ავიდა მთაზე, ილოცა და მოვიდა ძლიერი წვიმა.
ელია წინასწარმეტყველი ცეცხლის ეტლით ცოცხლად იქნა ატაცებული ზეცაში. ეს დაინახა მისმა მოწაფემ, წინასწარმეტყველმა ელისემ.
წინასწარმეტყველი ელისე. წინასწარმეტყველი ელისე ბევრ სასწაულს ახდენდა: იერიქონში ჯანმრთელობისთვის მავნებელი წყალი ერთი მუჭა მარილის ჩაყრით მარგებლად აქცია. ოცი პურით გააძღო ასი კაცი. ქალაქ ბეთილის ახლოს შეხვდნენ მას ბავშვები და დაცინვა დაუწყეს. რაკი იცოდა, რომ მათგან კარგი არა გამოვიდოდა რა, ელისემ დაწყევლა ისინი უფლის სახელით: უეცრად ტყიდან გამოვარდა ორი დათვი და დაგლიჯა ორმოცდაორი ბავშვი.
ერთმა ღარიბმა ქვრივმა დედაკაცმა, რომელსაც ცოტაოდენი ზეთი ჰქონდა და ბევრი ვალი, ელისეს შემწეობა სთხოვა. ელისემ იმდენად გაუმრავლა მას ზეთი, რომ ზეთის ფასით მთელი ვალი გაასტუმრებინა და კიდევ დარჩა მას ფული შვილების სარჩენად.
ქალაქ სომნაში ელისემ აღადგინა ერთი კეთილი დედაკაცის მკვდარი შვილი. მავნე
კეთროვნებისაგან განკურნა ასურეთის მხედართმთავარი ნაყამანი (4 მეფ. 5, 1).
ელისემ სიკვდილის შემდეგაც მოახდინა სასწაული: ერთხელ შემთხვევით დამარხეს მკვდარი გამოქვაბულ კლდეში, რომელშიაც ელისე იყო დასაფლავებული, მკვდარი აღდგა წინასწარმეტყველის ძვლების შეხებით.
წინასწარმეტყველი იონა. ელისეს სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მოავლინა წინასწარმეტყველი იონა. იონამ უქადაგა ისრაელებს, მაგრამ ისინი არ მოიქცნენ. მაშინ ღმერთმა გაგზავნა იონა ასურელებთან, ისრაელების მტრებთან ქალაქ ნინევეში და უბრძანა, ეუწყებინა მათთვის, რომ დაიღუპებოდნენ, თუ არ შეინანებდნენ თავიანთ ცოდვებს.
იონას არ უნდოდა ისრაელთა მტრებისათვის ექადაგა და გაქცევა განიზრახა. ჩაჯდა ხომალდში და სხვა ქვეყანაში წავიდა. ღმრთის ბრძანებით, უცებ ამოვარდა საშინელი ქარიშხალი, ზღვა აღელდა, ხომალდი იღუპებოდა. ხომალდზე მყოფნი ძლიერ შეშინდნენ და ევედრებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ ქარიშხალი არ ცხრებოდა. წილი ყარეს, რომ შეეტყოთ, ვის გამო მოევლინა მათ ეს უბედურება. წილი იონას ხვდა. იონამ აღიარა თავისი დანაშაული ღმრთის წინაშე და უთხრა მათ: "ჩამაგდეთ მე ზღვაში და ქარიშხალი დაცხრება". იონა ჩააგდეს ზღვაში და ქარიშხალი დაცხრა.
იონა გადაყლაპა ვეშაპმა და ვეშაპის მუცელში იყო სამ დღესა და სამ ღამეს და ღმერთს გამოხსნას სთხოვდა. ღმრთის ბრძანებით ვეშაპმა იონა ნაპირზე გამოაგდო. მან კვლავ მიიღო ღმრთისაგან ბრძანება, წასულიყო ნინევეში და სინანული ექადაგა. მაშინ იონამ შეასრულა ღმრთის ნება: მივიდა ნინევეში და დაიწყო ქადაგება: "კიდევ ორმოცი დღე და ნინევი დაიქცევა". გაიგონეს ეს მრისხანე ქადაგება ნინეველებმა, შეინანეს ცოდვები და ღმერთმა მიუტევა მათ.
სამი დღე იონა წინასწარმეტყველის ყოფნა ვეშაპის მუცელში და მისი ხსნა მოასწავებდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სამ დღეს საფლავში ყოფნას და მის დიდებულ აღდგომას.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
* ბაალი (ნიშნავს ბატონს) – ქანაანის ხალხთა მთავარი კერპი. მისი სახით ეთაყვანებოდნენ მზეს, როგორც ცის მეუფეს და ბუნების ძალთა დასაბამს. ამ კერპს სამსხვერპლოებს და ტაძრებს შემაღლებულ ადგილებზე უგებდნენ; კმევით და სხვადასხვა მსხვერპლის შეწირვით ემსახურებოდნენ; ხშირად სწირავდნენ ბავშვებს სამსხვერპლო ცეცხლზე დაწვით. მათ ყავდათ ქურუმნი. ეს კერპი ხშირად ერევათ ფელორთან, რომელიც მოაბელთა და მიდიელთათვის გარყვნილების კულტი იყო.
მის წინაშე მსახურება სრულდებოდა ორგიების გზით. ნახსენებია რიცხვთა წიგნში (31,16) (რედ.).
** ასტაროთი (იგივე ასტარტა, ებრ. აშტორეთ, ასურ. იშტარ) – წარმართი სემიტების ძველი ღვთაება, ის ძირითადად იყო გავრცელებული ქანაანელ ხალხთა შორის, ჯერ კიდევ მოსემდე. ამიტომ მოსეს კანონებში იყო მკაცრი აკრძალვები მათთან ურთიერთობებზე და მათთან ბრძოლაზე (გამოს. 34, 12–16; 2 სჯულ. 7, 2–6), მაგრამ მიუხედავად ამ აკრძალვებისა ებრაელებმა ადრევე დაიწყეს მათდამი მსახურება. მას გამოსახავდნენ შიშველი ქალის სახით, რომელსაც თავზე ნამგალისებრად ედგა ნახევარმთვარე, რომელიც რქებსაც განასახიერებდა. მას მიიჩნევდნენ ომის ღმერთად, მაგრამ უფრო ხშირად ეთაყვანებოდნენ, როგორც ნაყოფიერების ქალღმერთს. თაყვანისცემა სრულდებოდა სხვადასხვა ბაღებსა და ხეივნებში ორგიებისა და სხვადასხვა გარყვნილების სახით (რედ.).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ციტირებულია წიგნიდან:
საღმრთო სჯული
(საკითხავი წიგნი)
გამოიცა ილია II ლოცვა – კურთხევით
<<მთაწმინდა>>
თბილისი 2012
გვერდები 32,33,34
მის წინაშე მსახურება სრულდებოდა ორგიების გზით. ნახსენებია რიცხვთა წიგნში (31,16) (რედ.).
** ასტაროთი (იგივე ასტარტა, ებრ. აშტორეთ, ასურ. იშტარ) – წარმართი სემიტების ძველი ღვთაება, ის ძირითადად იყო გავრცელებული ქანაანელ ხალხთა შორის, ჯერ კიდევ მოსემდე. ამიტომ მოსეს კანონებში იყო მკაცრი აკრძალვები მათთან ურთიერთობებზე და მათთან ბრძოლაზე (გამოს. 34, 12–16; 2 სჯულ. 7, 2–6), მაგრამ მიუხედავად ამ აკრძალვებისა ებრაელებმა ადრევე დაიწყეს მათდამი მსახურება. მას გამოსახავდნენ შიშველი ქალის სახით, რომელსაც თავზე ნამგალისებრად ედგა ნახევარმთვარე, რომელიც რქებსაც განასახიერებდა. მას მიიჩნევდნენ ომის ღმერთად, მაგრამ უფრო ხშირად ეთაყვანებოდნენ, როგორც ნაყოფიერების ქალღმერთს. თაყვანისცემა სრულდებოდა სხვადასხვა ბაღებსა და ხეივნებში ორგიებისა და სხვადასხვა გარყვნილების სახით (რედ.).
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ციტირებულია წიგნიდან:
საღმრთო სჯული
(საკითხავი წიგნი)
გამოიცა ილია II ლოცვა – კურთხევით
<<მთაწმინდა>>
თბილისი 2012
გვერდები 32,33,34
Комментариев нет:
Отправить комментарий