"შენ უთარჯიმნე ამ უფალს და უთხარი: მე წრეულს ვერ ჩამოვალ გურჯისტანს, გაისად ან მე ჩამოვალ, ან იზზ-ალმულკს წარვგზავნი, და გავატან ყურანის ერთ ლექსს:
"უწყოდნენ ურწმუნოთა, უსასტიკესი სასჯელი რომ მოელით მათ".
მე ადრემც მამცნეს ჩემმა მსტოვრებმა, რომ დავით მეფეს მშვიდობიანი თურქი მეცხვარენი შეუპყრია ლიპარიტ ამირას საერისთავოში.
ისინი უწყინრად მიდიოდნენ თურმე თემშარაზე, თავიანთ ფარას მიელალებოდნენ, დავით მეფე და მისი ამალა წამოსწევიათ თურმე უსაჭურვლო თურქებს, შეუპყრიათ და მოპირულ ხმლებზე გადაუხტუნებიათ მწყემსნი".
ესა სთქვა სულტანმა და ვარსიმ ვარძელის მიერ ხელახლა მორთმეულ აზარფეშას დაეწაფა.
პირმშვენიერი ფარსი ბიჭუნა, რომელსაც დიაცური, ვიწრო მხრები ჰქონდა და შავ ატლასში გამოკრული სქელი თეძოები, ბეჭედივით წვრილ ტუჩპირს კეკლუცად აღებდა, ინით შეღებილი, წაზრდილი ფრჩხილებით ებღაუჭებოდა სანჯს და მღეროდა:
ცხენს დეზი ვკარი, გავკვეთე ქარი
და გადავლახე უდაბნო ვრცელი,
ჩემი მიჯნური, გვრიტი მწყაზარი,
უკვე მიმელის...
დაუკარ სანჯი...
თუნდ იყოს მრუმე ეგ ღამე გიშრის,
ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,
მე შენს სიყვარულს ვერვინ დამიშლის,
ტკბილო მოყვარე,
დაუკარ სანჯი...
ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,
ათასი მთვარე ისევ ამოვა,
ცრემლმა ღაწვებზე გადამათოვა,
ტკბილო მოყვარე,
დაუკარ სანჯი...
ვერც ქრისტე გაგვყრის, ვერც იეჰოვა,
ვერც ნათესავთა მშიერი ხროვა,
ვერც მოენეთა ბოროტი ხვანჯი,
დაუკარ სანჯი...
გვერდი 205, 206
გვერდი 205, 206
ციტირებულია წიგნიდან:
დავით
აღმაშენებელი
ტეტრალოგია
წიგნი II
სახელმწიფო გამომცემლობა
თბილისი
1955
Комментариев нет:
Отправить комментарий