შურისძიება
ბიბლიურ ჰანგზე
ა
1910 წ.
ციტირებულია წიგნიდან:
ტიციან ტაბიძე
ქართული
სიტყვიერება
"საოჯახო ბიბლიოთეკა"
თბილისი - 2011
გვერდები 216-219
შუაღამეა. სდუმს ქალაქი, გლოვის ძაძებში გამოხვეული, სდუმს არემარე, როგორც საფლავი. ზოგან ადამიანის კვნესა თუ დაარღვევს ყრუ მდუმარებას, რომელიც კიდითი კიდემდე დასწოლია იუდეველთ მხარეს. ალაყაფის კარი დაკეტილია. მცველები, ალბათ შიშით ატანილნი, ჩუმად საუბრობენ, დიდია რისხვა იეღოვასი, რომელიც ზედ დაატყდა მისგან რჩეულ ერს. ძლევამოსილი მხედართმთავარი ოლომფრე ურიცხვი მხედრებით გარს შემორტყმია ქალაქს და შურისძიებით აღტყინებული ლამობს, ფერფლად აქციოს იგი. ნაბოქოდონოსორმა გამოგზავნა ოლომფრე ურჩი ერის დასამონებლად. მოახლოებულია ჯამი, რომ ისრაელთ სისხლი მორწყავს მიდამოებს, რადგან მათ გადაწყვიტეს, უომრად არ დამორჩილდნენ მტერს, თვალით ცოცხლებმა აღარ უმზირონ, როგორ შელახავს მტერი მათ წმიდათაწმიდას. როგორ ეტყობა კადნიერება და უცოდველ ქალწულთ ნამუსს ახდის. "არ გვნახოს მტერმა ძაბუ
ნად!" - ყურში უწივის ყველას მთავრის იოზიას სიტყვები: - "არ შეჰშვენის მხდალობა იმ ერს, რომელსაც უძღოდა ნათლის სვეტი არაბეთისა უდაბნოში, იმ ერს, რომელსაც წინამძღვრობდა მოსე; ნუ, ნუ შესწყდება ჩვენში სისხლი სამსონ ძლიერსა და მეფე დავითსა". ბევრს ძილშიაც ესიზმრება მოლაპარაკე მთავარი იოზია და ბრაზით კბილებს ახრჭიალებს. ქალაქში უსაზღვროდ ბნელა. დუმილს გრძნეულ ქსელში გაუბამს ქალაქი და მოუჯადოებია, მხოლოდ ქალაქის მთავარ ქუჩაზე მკრთალად ანათებს სანათი, ოდნავ ბჟუტავს, - ხან სულ მიჰქრება, ხან ისევ გამოციალდება. თავქვე დამხობილი მანასეს ქვრივი ივდითი გულჩათხრობილი ლოცულობს. მის სევდიან თვალებს უკვდავება დასთამაშებს, კავზე დალალნი ჩამოშლია, მწარედ ქვითინებს ეთეროვანი მშვენიერება, ღმერთს ავედრებს ცოდვაში ჩაფლულს სამშობლო მხარეს. უცებ ივდითმა შეშლილივით გადიხითხითა: "ასულო ბაბილონისაო, უბადრუკო! ნეტარ არს, რომელმან მოგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მოგვაგე ჩვენ; ნეტარ არს, რომელმა შეიპყრას ჩჩვილი და შეახეთქოს კლდესა", დაათავა ფსალმუნი ივდითმა და შურისძიებით აინთნენ მისი გიშრის ტბა-შავი თვალები. უცნაურმა აზრმა გაანათა მისი გონება. რა იყო ის გრძნობა, ჯერ თვითონაც არ იცოდა, მისი გული შურისძიებით იყო ავსებული და ეს გრძნობა ითხოვდა გადმონთხევას...
მკრთალი მთვარე, მუდამ მჭმუნვარე, ცის კაბადონზე თავის დაუსრულებელ გზას ისევ განაგრძობდა. მისი მკრთალი სხივები სანათის სხივებთან ერთად აჩრდილივით დაფარფატებდნენ კედელზე. "ღმერთო, შემოქმედო, ქვეყნის მპყრობელო იეღოვავ. ნუ მიუშვებ მტერს შენივ სადგურისა წასაწყმედელად. ბედკრულსა, უბედურს ნუ მანახებ ძეწნაზედ ჩამოკიდებულს იუდას ჩანგსა". - ცრემლის ნიაღვარი თვალთაგან მოსჩქეფდა და ლოცულობდა ივდითი. რა დაათავა ლოცვა, გადასძახა მხევალს, რომელსაც ეძინა უბადრუკის ძილით. სურნელოვან წყალში იბანა მან, იცხო ნელსაცხებელი, შორს გადისროლა შავი ძაძები და ოქროთ ნაკერი ტანისამოსი ჩაიცვა, თავი გვირგვინით მოირთო და უბრძანა მხევალს, უკან გაჰყოლოდა. ივდითი ქალაქის ბჭისკენ გაემართა. იქ უცდიდნენ მას მღვდელმთავარი და იოზია, მათ აკურთხეს უცნაური ქალი, რომელსაც მოუნდომებია მამულის სამსხვერპლოს წინ ზვარაკად შეწირვა.
ბ
ბინდი ღამისა ცოდვილ ქვეყანას ემშვიდობებოდა, მეწამულ პორფირმოსხმული ღიმით ელოდა განთიადს და მწუხარე მთვარე, ამჟამად კიდევ უფრო კაეშნიანი, სისხამ დილით ძლეული, გზას განაგრძობდა, რომ სადღაც ჩამქრალიყო. მას თან სდევდა პირისფარეში ვარსკვლავი, - ვინ იცის, იქნებ კიდეც სწყინდა, რომ სტოვებდა ლაჟვარდოვან ტახტს შარავანდედით შემოქარგულს. მზემ თავი ამოჰყო, გასწვრივ ისროლა ოქროს სხივები და აღმოსავლეთისაკენ მოქარგა თაღი. ლიბანის მთებმა, ცად ამაყად აზიდულებმა, თითქოს ამას ელოდნენო, გადაიყარეს ჯანღი, ნათელი სხივი ცხოველი მზისა მათ სპეტაკ ყინვით ნაკვეთ თავს დააკვდა კოცნით და ოქროს სხივებით მოქარგული დიადემა ნათელ სვეტივით თავზედ დააყრდნო.
მხოლოდ იორდანე, თითქოს მომავალს ისრაელისას წინდაწინ ითვალისწინებსო, მწარედ
დუდუნებდა. მოსთქვამდა ტალღა და ქაფს ღმუილით მაღლა ისროდა. დაბურული ტყე შეშრიალდა და ნაძვი ლიბანის განთიადს მიესალმა. ცისკრის მგოსანი თავდავიწყებით მოსთქვამდა. ყურს უგდებდა მას იორდანის პირას სოსანი და სიხარულის ცრემლით რწყავდა მიდამოს. ბილიკზედ გამოჩნდა ივდითი, ვით ნიმფა მშვენიერებისა, რომელიც განთიადზე პარნასისკენ მოიჩქარის, რომ დასტკბეს აპოლონის ფერადი ქნარის სიმების ჟღერით. მისი თვალები ელავდნენ, ვით ქარიშხლით აბობოქრებული ტბა. ვეღარ გაუძლო ნიავმა და უცნაურ გზებით აღტყინებული მის ცხოველ ბაგეთ დააკვდა. მაგრამ ივდითის ყურადღება არ მიიპყრო ამ დილის სიმშვენიერემ. კვლავ გზას განაგრძობდა. ანაზდეულად შეიპყრეს ის ოლომფრეს მხედრებმა და ნებიერ ბატონს მიჰგვარეს. თვალთ დაუბნელდა ოლომფრეს, ვნებით აენთო, ვნების ცხოველი მედიდურად უცურავდა მღვრიე თვალებში. ამჟამად დაავიწყდა მას ნაბუქოდონოსორი და მზად იყო, თვითონ ღმერთად ქცეულიყო. მაგრამ მაინც ვერ დაეჯერებინა, რომ დღეს ბანაკში ასტარტა ეწვია. ოლომფრემ მყის ბრძანება გასცა, ივდითისთვის კარავი გაემართათ, მოეწყოთ ოქროთი და ყვავილებით ისე როგორც ასტარტას დაჰშვენდებოდა და თვითონ რომ ჩაეკლა დროებით მაინც ჟინი ავხორცობისა, ფიალას ფიალაზე სცლიდა და ტკბილი ღვინო ყელში უღიტინებდა. მხეცად გადაქცეული მაინც სვამდა და სვამდა. მხედართმთავრებმა შეატყვეს, რომ მძიმედ დაითრო მათი სარდალი, მოჰკიდეს ხელი და შეათრიეს კარავში მძინარე ოლომფრე.
გ
აღიმართა შურისმაძიებელი ხელი ნემეზიდასი. გული უღონდებოდა ივდითს და თანდაყოლილი შიშით თვალები უბნელდებოდა. დამდგარი იყო ჟამი. "მოჰკალ, მოჰკალ მტარვალი, მიზეზი შენის ხალხის ტანჯვისა", - ჩასძახოდა ხმა იდუმალი ყურში, მაგრამ ივდითი გონს ვერ მოსულიყო და, ვით ნამი ვარდის კოკორზე განთიადისას, ვით შველისა ნუკრი, თრთოდა ივდითი, ბოლოს გაბედა... ამოაძრო ოლომფრეს მახვილი... მისივე მახვილით სუსტმა ხელმა ქალისამ შუა გააპო მტარვალის მკერდი. ზეწარში გამოხვეულ ოლომფრეს თავითურთ ჩვეულის გზით ბრუნდებოდა ივდითი: "ნეტარ არს იგი, ვინც ტყვეობის ბორკილს გადასწყვეტს, დაამსხვრევს! - შორს გაისმოდა და ბუტბუტით იმეორებდა იორდანე.
შეირხა ლერწამი და, ნიშნად მადლობისა, გზად გაერთხო ივდითს. "ნეტარ არს იგი, ვინც შენ მოგაგოს მოსაგებელი შენი, რაიცა შენ მოგვაგე ჩვენ". - ცის კიდურში ჟღერდა მგოსნის ქნარი და არემარე ძახილით იმორებდა.
...გამხნევებულნი მტერს ეკვეთნენ იუდეველნი და ილტვოდნენ მოძულენი პირისაგან უფლისა. წითლად შეიღება იორდანე, მაგრამ რაღაც გიჟური სიხარულით ველურად მღეროდა და ზლაზვნით მიაგორებდა სისხლიან ტალღებს მეწამული ზღვისკენ...
ციტირებულია წიგნიდან:
ტიციან ტაბიძე
ქართული
სიტყვიერება
"საოჯახო ბიბლიოთეკა"
თბილისი - 2011
გვერდები 216-219
Комментариев нет:
Отправить комментарий