უკვდავი არის ამაოება
ნოველა
ვუძღვნი ია ეკალაძესა და ალ. შანშიაშვილს
ა
"სასას აექვას წყეული ენა, ჩანგს გაუქმებულს დასწყდნენ სიმები, თუ დაგივიწყოთ შენ, იერუსალიმ თუ მტერს ვუმღეროთ ჩვენ სიონის საგალობელი!" - ასე მოსთქვამდნენ ისრაელნი ბაბილონის მდინარეთ პირას და მათ თვალთაგან გადმოღვრილი ცრემლის ნიაღვარი მდინარეთ პირას და მათ თვალთაგან გადმოღვრილი ცრემლის ნიაღვარი მდინარეს უერთდებოდა , მხოლოდ გამარჯვებულნი მზაკვრულის ღიმილით ეკითხებ -
ოდნენ: რას მოგიწყენიათ, რას ნაღვლობთ, აიღეთ ქნარი და იგალობეთო".
მაგრამ საყოველთაო იყო დუმილი... "ვერ ვუღალატებთ საფლავთა მცნებას და სისხლით მოსვრილ აჩრდილთა სახეთ, საფლავში შეძრწუნდებიან ძვლები წინაპართა, როს მოესმებათ სიონის საგალობელი, შერცხვენილ შვილთაგან ნამღერი. ჩვენ თაყვანს ვსცემთ მოგონებას ერთხელ ნეტარის ჩვენის მამულისას",
- ყრუდ ისმოდა და ბუტბუტით იმეორებდა ამ სიტყვებს მდინარე. ცა დაღვრემილი... ცა
მეწამულ პორფირმოსხმული, თითქოს მათ ტანჯვას თანაუგრძნობსო, ცრემლად დნებოდა; მხოლოდ ხანდახან ელვა თუ გააპობდა ცის კიდურს და მიკლაკნ-მოკლაკნავდა ნათელ სხივებს. შემოდგომის ღამეს ლაღად გაეშალა კალთები. მის ცივ გულს არ ხვდებოდა დატყვევებულთა მოთქმა, ქვითინი... ცად აყუდებულნი მდუმარედ იდგნენ ბნელში მაღალი მთები. მათ არც კი იცოდნენ, თუ მათ გარშემო რა ხდებოდა... შეირხა ლერწამი, ჩაიკეცა, გამოჩნდნენ, როგორც ლანდები, რამდენიმე კაცნი და სიფრთხ-ილით
მდინარისკენ გასწიეს.
- ჩუმად
- ნავი მზად არის?
- დედილო, მგონი გვეღირსოს თავისუფლება.
- იყუჩე შვილო...
- აუ, რა გულსაკლავად მოსთქვამენ.
- ისინი ჩვენი ძმებია.
- ყრუა, ყრუ.
- ვინ?
- იეღოვა, განა არ ესმის ჩვენი ტანჯვა, განა არ უწყის, რომ
ცრემლით მოვრწყეთ ბაბილონელთა მხარე?
- როგორ არა.
- მერე სად არის?
- "დაუწყებ შენ იმას ძახილს და ის ხმას არ მოგცემს", - ასე
ამბობდა ის, ვინც ჩვენ ჩავაქვავეთ.
- სიცრუეა. ვერ დავიჯერებ, უბედურების გამჩენი ბედნიერი იყოს.
ჩვენზედ უნდა იყაროს ჯავრი. განა ბაბილონელნი არ აძაგებენ მას,
რისთვის მათზე არ აღიმართა შურისმაძიებელი მისი ხელი?...
- გადაიღო.
- ქარიშხალი ჩადგა აღარ ქვითინებს, ტალღებიც აღარ ზუზუნებენ.
- მთვარემ ლაჟვარდოვან სივრცეში შეისრიალა, ის ხომ მუდამ მწუხარე იყო.
ჰხედავ, ახლა ისიც დასცინის ჩვენს სიბეჩავეს.
- აუ, რა გულსაკლავი ხმებია, რა მწარედ მოსთქვამს საწყალი ბიძია ნოქსი.
- ის ვერ აიტანს უთუოდ ტანჯვას.
- მაინც რა არის ჩვენი ცხოვრება, ღამის განთიადზედ ყვავილი რომ
გადაიშლება, მწვავე მზე დააჭერს და გახმება...
- ფოთოლი, შემოდგომისას როს ჩამოსცვივა...
- სცოცხლობ და იტანჯები... ცხოვრება ხომ ტანჯვაა!...
- რაც დღეს სიმართლე გგონია, ხვალ ტყუილია შორიდან
გეჩვენება ბედნიერება, ახლო მიხვალ და არ არი.
- ტანჯვა, ვაება, ცრემლი მდუღარე, და მაინც გიცდის ბოლოს სამარე.
- ქვეყნად ყოველი გამოიცვლება, ამაოება მხოლოდ არ კვდება.
- უკვდავი არის ამაოება...
- ჩუ, ის ხმები კიდევ გასწივის ყურებში.
- საბრალო ბიძია ნოქსი! უთუოდ ამ ღამეს მოკვდება...
...ბევრი სხვა ხმები ჩანთქა კიდევ ღამის წყვდიადმა, მაგრამ ამ დროს ნავი კლდეს დაეჯახა და შუა გადატყდა. მდინარემ პირი უყო და ცივ სველ წიაღში ჩაიკრა მსხვერპლნი... დაღუპულთა კვნესა მალე მისწყდა, მხოლოდ ტალღები ზუზუნებდნენ და ნოქსის მოთქმა შორს ისმოდა...
- უკვდავი არის ამაოება... - გადაიხარხარა ცაში სატანამ და მის ქნარზე ავი სულები მასვე იმეორებდნენ: "ძენო კაცთანო! მარად სტიროდეთ, სანამ ცოცხალ ხართ"... ამ სიმღერას იმეორებდნენ მდინარის ტალღები, მაღალნი მთანიც ყურს უგდებდნენ, მხოლოდ ნიავმა დაიტაცა ეს და მწარედ აქვითინდა. ამიტომაც არის, რომ განთიადისას და მწუხრისას მოსთქვამს და ქვითინებს...
ბ
...ის იყო, დღე ღამემ შესცვალა და შავ, განიერ ფრთებში გამოჰხვია სოფელი,
რომ გამჭირვალე ზეწარში დაემალა მისი ცოდვები. ნილოსი ლურჯ კამკამა ზვირთებს მიაგორებდა და თან მოსთქვამდა ნაღვლიან ხმაზედ. ეს ტირილი მას იზიდამ ასწავლა, როცა ის ოზირისის ძებნაში უსასოოდ სტიროდა, ცრემლებით რწყავდა ნილოსის ნაპირებს. შავი ნიადაგი გაწოლილიყო ნაპირის ახლოს, ალბათ, მსხვერპლს მოელოდა... პირი უშნოდ დაეღო...
- ეს ნიანგი ჩვენს ბედისწერას გვაგონებს, ჩემო კარგო, - ეუბნებოდა ანტონიოსიკლეოპატრას, - განა ისიც პირდაღებული არ გიცდის, როდის გადავიჩეხებით არყოფნის უფსკრულში?
- ოჰ, კარგი, კარგი, შენ სულ განსაცდელი გეზმანება. "ისარგებლე სიცოცხლით
ცოცხალმაო", სთქვეს ღმერთებმა.
- ესე იგი არ დამიშლი, რომ გაკოცო, - ღიმილით უთხრა ანტონიოსმა და მხურვალე
კოცნა აღბეჭდა კლეოპატრას ცხოველბაგეზედ, - უბედური ტროა ერთი კოცნისთვის
დაიღუპა.
- შენ ის გინდა სთქვა, რომ მე ვიქნები მიზეზი შენის უბედურებისა?
- ოჰ, არა, არა - განა შეიძლება ჩემი ცხოვრების უშენოდ წარმოდგენა.
უსაზღვრო იყო ჩემი მეფობა კეისრის შემდეგ, მე ვიყავ მბრძანებელი რომისა და დღეს,
ხომ ხედავ ვდგავარ აგერ ნილოსის ნაპირას და ყველაფერი შენ შემოგწირე, იქნებ გგონია,
გაყვედრიდე? არა, არასდროს!... შენ ხარ ჩემი ცხოვრების ნავსაყუდელი, შენთან არ ვგრძნობ მე მარტოობას. ჩემი სულის ლაბირინთი შენით არის აღვსილი; როცა შენ გიმზერ, ქვეყნიერება მაშინ ჩემთვის აღარ არსებობს. რაღაც მთელს ჰარმონიას ელამუნება სული და ჩემამდი არ მოდის ცხოვრების კაეშნიანი ძახილი. შენ ხარ მზის ასული, მისებრ ცხოველი, შენს თვალებში დგას აკვანიოცნებისა და ასე მგონია, ამ ღამეში ვხედავ ორ მზეს. რომ შემეძლოს, მთვარისა და მოციმციმე ვარსკვლავების სხივებით მოგიქსოვდი დიადემას, და მეწამული პორფირი ზეცას რომ მოუსხამს, შენს ღვთიურ თავს დაამშვენებდა, გესმის კლეოპატრა, შენ გარეშე არ არსებობს ბედნიერება! ტყუილად სთვლიან კეისრები თავს უკვდავად. მხოლოდ შენს მომხიბლავ წიაღში განისვენებს ნებიერად უკვდავება.
ხმა წყვდიადიდან:"სულის გზები მალე გაჰქრება, ვით ბინდი ღამისა, - როს გათენდება".
- "ისე კაცს არაფერი მოატყუებს, ვით ავხორცობა".
- ჩუ, ეს სიტყვები მე სადღაც გამიგონია.
- მგონი პლატონმა სთქვა!
- ვინ უნდა იყოს?
- მე დიდი ხანია, მესმის ეს ხმა!
- ეს ხმაა იდუმალი.
- ეს ხმაა მფარველი გენიისა.
- ნუთუ!
- როგორ ყორანივით გვიქადის უბედურებას.
... ოქტავიანისაგან დამარცხებული, ბრძოლის ველიდან ილტვოდა ანტონიოსი.
რომაელმა მხედრებმა ფარაონის სასახლეს ალყა შემოარტყეს. ფარული გამოსავლით გამოვიდა ნილოსის პირად კლეოპატრა, ნილოსი ლურჯად კამკამებდა. ნისლის ზეწარში
გამოხვეული თითქოს სამწუხარო ლოცვას სწირავს შემოქმედსო, მკრთალი მთოვარე ცის კაბადონზედ თავის გზას ისევ განაგრძობდა. მისი კაეშნიანი სახე ნილოსის ტალღებში იხატებოდა და ცელქი ზვირთი ჰკითხავდა: რისთვის ხარ მოწყენილიო! ნიავი ისევ იმ ალაგას გაწოლილიყო და პირი უფრო დაეღო. "ყველაფერი გაქრება!"
- მოესმა კლეოპატრას და ხმა იგი იცნო მან. აიღო შხამის ფიალა და სულმოუთქმელად გამოსცალა. დაუსრულებელ ტანჯვას გამოხატავდა მისი სახე. ზედ დასთამაშებდა ღიმილი უკვდავებისა და სიკვდილისა, თითქოს ორი მოსისხლე მტერი შერიგებულაო. მისი ღაწვები ცეცხლივით ღუოდნენ. ვერ მოითმინა ნიავმა და კოცნით დააკვდა. "უკვდავი არის ამაოება!" - აღმოხდა კლეოპატრას თითქოს ვისმეს ელაპარაკებოდა. ნილოსის ტალღებმა განიმეორეს ეს მწუხარე ამოძახილი და დუმილმა მიდამო შთანთქა...
1910 წ.
ციტირებულია წიგნიდან:
ტიციან ტაბიძე
ქართული
სიტყვიერება
"საოჯახო ბიბლიოთეკა"
თბილისი - 2011
გვერდი 211-215
Комментариев нет:
Отправить комментарий