воскресенье, 2 февраля 2014 г.

მურმან ლებანიძე

ჰიმნი ბრძოლის წინ

მიწა მრისხანებით მოცულა,
ზღვა ჰქუხს და ნაპირებს ეხლება,
გზა გადაგვიღობეს მოძულე
ხმალამოღებულმა ქვეყნებმა.
წამიც და, ველური ყიჟინით
ლაშქრი ლაშქარს მიეხვევა...
მწედ გვექმენ, ძლევის გზა გვიჩვენე,
გვიშველე,
ომის ღმერთო, იეჰოვა!

მხნე - გულით, ხე - გულით, კლდე - გულით,
უფალო, მოვსულვართ შენთან!
შენს ხელთ ვართ, მსაჯულად გვეგულვი,
დიდება, მოწყალეო, შენდა!
ზოგზოგმა გატეხა ფიცი -
ჩვენ აქ ვართ, საკვდავად აღვძრულვართ,
შთაგვბერე
სიკვდილის ნიჭი!

ხოლო მათ, ვინც ახლა უღონოდ
სხვა ღმერთებს შესთხოვენ შველას,
სიბრმავე მიუტევე უგნურთ,
შეუნდე, რამეთუ სჯერათ!
რამეთუ კისერზე გვაწევს
ჩვენ მათი
ცოდვა და ბრალი!

აღვირახსნილი მძვინვარება,
უღირსი შურისგება გვაშორე!
ბრძოლაში მოგვმადლე ბრწყინვალება,
ღირს ვართ და ღირსებით გვაბრძოლე!

და ძალა შთაგვბერე იმგვარი,
იმგვარად დაგვიდექ მწყემსად,
რომ შენგან მოწვდილი ფიალით
სიკვდილი
უდრტვინველად შევსვათ!

ო, გვიხსენ, წმინდაო მარიამ,
იქ მიგვყევ, სამუდამო ბინაში!
სულს უშუამდგომლე, რომელიც
წარსდგება უფლისა წინაშე!
ქალისგან შობილა მეომარი
და რადგან შემწედ და პატრონად
მტერმრავალს სჭირდება მეგობარიც,
შენ მოგვეპატრონე,
მადონავ!

საცაა, დაჰკრავენ დაფებს,
ლაშქარი ლაშქარს მიეხვევა,
ვით მიხმარებიხარ პაპებს,
ისე მოგვეხმარე, იეჰოვა!
შენ გადაგვაფარე  კალთა -
სიკვდილით სინათლის მფენი!
იეჰოვა, ქუხილო ცათა,
მოგვხედე,
ისმინე ჩვენი!


------------------------------

ციტირებულია წიგნიდან:

მურმან ლებანიძე

     რჩეული
  თარგმანები

უკვდავი ყვავილები

გვერდი 64

საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული
თარგმნისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი
                                სარედაქციო კოლეგია

"მერანი". თბილისი. 1988

მეორე გამოცემა

Комментариев нет:

Отправить комментарий